English / ქართული / русский /
მურმან კვარაცხელია
გლობალური პრობლემები და ეკონომიკური უსაფრთხოება

ანოტაცია. თანამედროვე მსოფლიოში გლობალიზაციის პროცესი მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნების ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან. მისი თანმდევი მოვლენები  ღრმა ტრანს­ფორმაციის შედეგიცაა, რომელიც დაიწყო მეოცე საუკუნის შუახანებიდან, კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ.  ამ  სრულიად განსხვავებული ეპოქიდან  იწყება მსოფლიო საზოგადოების მიერ თავიანთი ღირებულებების ძირფესვიანი გადაფასება განსაკუთრებული  ინოვაციური მიდგომებით. ამასთან  კარდინალურად იცვლება უკვე ჩამოყალიბებული, მანამდე არსებული იდეოლოგია და სრულიად ახალი და პროგრესული  ინსტიტუტების ფორმირება ხდება. ასეთმა დინამიკურმა  გარდაქმნებმა  მოითხოვა  ისეთი  ფუნდამენტური ღირებულებების წინ წამოწევა, რომლებიც ქვეყნების ყოველგვარ  უსაფრთხოებაზე აგებენ პასუხს. ამის ერთ-ერთ საფუძვლიან  ფორმას  წარმოადგენს  სწორედ  ეკონომიკური უსაფრთხოება.

ეკონომიკური უსაფრთხოება  კორელაციურ კავშირშია გლობალიზაციის გამოწვევებთან, რომელიც მოითხოვს რეალური პროგნოზირების  პროცესის სრულყოფილი სახით განსაზღვრას. ეს აუცილებელია ეკონომიკური მოვლენების  მდგომარეობის  ობიექტურად შეაფასებისათვის, რომლის დროსაც ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები სრულად აკმაყოფილებს   საზოგადოებრივი  ცხოვრების გამოწვევებს. 

დღევანდელ მსოფლიოში გლობალიზაციის თანმდევმა პროცესებმა საზოგადოების ცხოვრებაში გარკვეული პრობლემები წამოატივტივა. გამოიკვეთა ორი მთავარი მიმართულება, რომელიც მდგრადი განვითარების მთავარი ფაქტორებიცაა. კერძოდ, ესენია გლობალური ეკონომიკური სტაბილურობა და გარემოს დაცვის პროცესებისადმი ქმედითი დამოკიდებულება. გლობალიზაციის სიღრმისეული ანალიზის შედეგები არცთუ ისეთი დადებითი დასკვნების  გაკეთების საშუალებას იძლევა, როდესაც საქმე ეხება მსოფლიო მოსახლეობის ტოტალურ მოთხოვნებს, რომელიც მრავალფეროვანია და სხვადასხვა კუთხით განიხილება. ამიტომ ეს საკითხები დღითიდღე კიდევ მეტად აქტუალური ხდება. ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით იმ დადებით ტენდენციებსაც, რომლებიც გლობალიზაციის წარმატებებს მიეწერება. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა ცალკეულ რეგიონულ სტრუქტურებში, სადაც წარმატებით განვითარდა ვაჭრობა, გაიხსნა ახალი ბაზრები. ყოველივე ამან ტექნოლოგიებისადმი ინოვაციური მიდგომის ახალი მიმართულებების შექმნა მოითხოვა. ამის ქვაკუთხედი იყო  სოციალური სამართლიანობის გაუმჯობესება,  თუმცა  მთავარია ვინ ადგენს აქ თამაშის წესებს. აქედან იკვეთება ერთი ისეთი ტენდენცია, რომელიც ისევ და ისევ მდიდართა გამდიდრებასა და ღარიბების კიდევ უფრო გაღარიბებას უწყობს ხელს. ეს ნიშნავს, რომ ყველა ეს პროცესი მდიდარი ქვეყნების ინტერესებს უფრო ემსახურება, ვიდრე ღარიბებისას და აქ მთავარია ის, რომ პრიორიტეტულია მდიდარი ქვეყნების მაცხოვრებელთა მცირე ნაწილის ინტერესები.

ჩვენი აზრით, გლობალიზაციის პროცესი, ეს ცვალებადობის დაჩქარებული მოთხოვნის აუცილებლობითაცაა ნაკარნახევი. ამიტომ წინა პლანზე წამოწეულია რეფორმების აუცილებლობა, რაც ნიშნავს მუდმივი განახლების ტურბულენტულ ქაოსში მარადიულ ტრიალს. ეს კი ახალ-ახალი მიღწევების წინაპირობაცაა. გლობალიზაციის პირმშოები ის საერთაშორისო ინსტიტუტებია, რომელთა რეფორმებიც დროის ადეკვატურად უნდა განხორციელდეს. ეს არა მარტო დროის, არამედ ადამიანობის მოთხოვნაც ხდება, რისი გაუთვალისწინებლობა არ ეგების და ყოველნაირად ცდილობენ მათი ინტერესების შესაბამისად რეფორმისტული ნაბიჯების გადადგმას. თუ რამდენად შედის საერთაშორისო ინსტიტუტების მენეჯმენტის ინტერესებში რაიმე რადიკალური ცვლილების გატარება, ესეც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აქ გამორიცხული არ არის გლობალური ინსტიტუტების ფუნდამენტებში რყევების ინსპირირებაც, რაზეც არავინ არ წავა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ დღევანდელი მსოფლიო უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, მთავარია გლობალიზაციის კურსის შეცვლა. ეს ისეთი აუცილებლობითაა გამოწვეული, რომელმაც სასიკეთო ცვლილება და სარგებლობა უნდა მოუტანოს ყველას. ეს დღის წესრიგში აყენებს  საერთაშორისო უკონომიკური ინსტიტუტების შეცვლას, მხოლოდ დადებითი კუთხით, განვითარების თვალსაზრისით. ამისთვის აუცილებელია გლობალური და ლოკალური ინტერესების თანხვედრა და წარუმატებლობის მიზეზების ახლებურად გააზრება.

ყველა ასეთი ცვლილება, ბუნებრივია, კონკრეტულ ზემოქმედებასაც ახდენს ცალკეულ ქვეყნებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის მსოფლიო ეკონომიკას. მათი სტაბილური და მდგრადი განვითარება კი დამოკიდებულია ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლისკენაც მიისწრაფვის მსოფლიოს ქვეყნები. ასეთი პროცესები ეხება ეროვნული ეკონომიკების სუბიექტების საქმიანობის მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც. ამისთვის მთავარია უსაფრთხოების რისკების განსაზღვრა, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ სახელმწიფოთა ეკონომიკურ განვითარებაზე.

გლობალიზაციის პროცესში პირდაპირი თუ ირიბი საფრთხეების პირობებში მნიშვნელოვანია ქვეყნების ეკონომიკური სიძლიერე, ანუ ეკონომიკის განვითრების ტემპების რეგულირება, რამდენადაც ეს  მარტო მათ შესაძლებლობებზეა დამო­კიდებული. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ  უმეტესწილად განვითარებადი ქვეყნები  სოლიდარობას  უცხადებენ სხვის მიერ დაწერილ წესრიგს იმდენად, რამდენადაც ეს გლობალიზაციისთვის დამახასიათებელი რეალური ძალაა. იგი განსაზღვრავს სახელმწიფოების ინტეგრაციას, რაც გამოიხატება ურთიერთდამოკიდებულებაში უპირატესად ეკონომიკური პროცესების მიმართულებით. თუმცა გლობალიზაციამ უკვე შეაღწია ადამიანური საქმიანობის ყველა სფეროში და იგი გახდა ყოვლისმომცველი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩნდება ერთიანი „თამაშის წესები“ საერთო კოლექტიური   უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებაში. განვითარე­ბული ქვეყნების უპირატესობა აშკარად თვალსაჩინოა და მათი ინტერესების გათვალისწინებაც აუცილებელია.

ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტისას მნიშნელოვანია სახელმწიფოთა ტიპური  გრადაცია, თუ რომელს განეკუთვნებიან − განვითარებულ, განვითარებად თუ აუტსაიდერ ქვეყნებს. ამ ზოგადი დახასიათებიდან გამომდინარე გაჩნდა უფრო კონკრეტული ტიპი სახელმწიფოებისა, კერძოდ, რესურსმომ­ხმარებლები და რესურსგამტანები. ასეთი ქვეყნების ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტი ზარალი რესურსგამტანმა ქვეყნებმა განიცადეს. ეს კიდევ უფრო აშკარა გახადა ბოლო წლებში განვითარებულმა კრიზისულმა პროცესებმა.

თანამედროვე გაგებით ეკონომიკური უსაფრთხოების გაგება არა მარტო ეკონომიკური კატეგორია და ეკონომიკური პროცესია, რომელიც შემოიფარგლება საკუთარი ეკონომიკური რესურსების შინაგანი მოთხოვნილების დაკმაყოფილებით, არამედ ეს ცნება ტრანსფორმირდება იმით, რომ სახელმწიფომ თვითონ შეძლოს ქვეყნის ურთიერთობა ააშენოს  გლობალური ეკონომიკის ქვესისტემად, რომელიც უზრუნველყოფს სამეურნეო სუბიექტების მოთხოვნილების მაქსიმალურად სრულ დაკმაყოფილებას. ამისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობებია საკუთარი გამოუყენებელი რესურსების მცირე რაოდენობით გამოყენება. ამისთვის არსებობს ისეთი შესაძლებლობა, როდესაც პარტნიორებთან ერთად გადაწყვეტენ საკუთარი ამოცანების გადაწყვეტის შესაძლებლობების რეალიზაციას.

ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა სხვადასხვა მიმართულებით ხდება, კერძოდ, მაკროეკონომიკის პოლიტიკის ინსტრუმენტებთან შესაბამისობით და მის მაჩვენებლებზე კონტროლით. ესენი კომპლექსურად ასახავენ ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების დონეს. ამისათვის აუცილებლობას წარმოადგენს ქვეყნებისა და გლობალური სამეურნეო სუბიექტების მიმართ შემუშავდეს სამომავლო სტრატეგია და კონკრეტული მოქმედებების პროგრამები. ყოველივე ამან შეიძლება შესამჩნევი გავლენა მოახდინოს ერთი სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა გაერთიანებების ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტორების ინტერესებისა და გარანტიების დაცვა. ყოველივე ეს გულისხმობს გარემოს დაცვასა და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას წარმოების ახალი ფორმების ძიების ფონზე.

გლობალიზაციის შემდგომ ეტაპებზე ნიშანდობლივია ისეთი პროცესების განვითარების დაჩქარება, რაც გაართულებს სახელმწიფოს ეკონომიკურ უსაფრთხოებას. ეს კი გამოიწვევს სახელმწიფოს კონტროლის დაკარგვას ზოგიერთ ეკონომიკურ პროცესზე. აქედან გამომდინარე, ცხადია, ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემა რთულდება და მოითხოვს ეკონომიკური შესაძლებლობების გაერთიანებას, რა დროსაც უზრუნველყოფილი იქნება ეროვნული ინტერესების დაცვა მსოფლიო და სამამულო ეკონომიკურ სივრცეში მათი ეკონომიკური პოტენციალის განვითარების მიზნით. ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, ეკონომიკების პროგრესის ხელშემწყობი ფაქტორები გახდება.

ცალკეული და, განსაკუთრებით, განვთარებადი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრაქტიკა თანდათანობით რთულდება, ეს განპირობებულია გლობალიზაციის შედეგად მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის ახალ ეტაპზე შესვლით. ამ მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა მაკროპროპორციები მათ შემადგენელ ქვესისტემებს შორის, რასაც ახასიათებს უკუპროცესების წარმოქმნაც, რომლებიც ზემოქმედებენ ეკონომიკური უსაფრთხოების ხასიათსა და დონეზე. ეს კი ახალი ინოვაციური მიდგომების წარმომქმნელი ფაქტორები ხდება, რომლის მთავარი ფუნქციაა სამეურნეო სისტემის დარეგულირება. ამას უკვე ბუნებრივად მოჰყვება მონეტარული პოლიტიკის გადახალისება   ეროვნული ბანკების როლისა და ფუნქციების რეგულირების მიზნით.  აქ ჩნდება ელექტრონული ფულის როლის გაძლიერების შესაძლებლობაც.

ეკონომიკური უსაფრთხოების გამოწვევების თეორიული ანალიზი მეტყველებს იმაზე, რომ დღის წესრიგში დგება ახალი საფრთხეების პრევენცია. ამისათვის აუცილებელია იმ ინფორმაციული ნაკადის დამუშავება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, მოვლენები ადეკვატურად შეფასდეს. ეს ხდება  იმის გარანტი, რომ მოხდეს ეკონომიკური უსაფრთხოების მინიმიზაცია  სახელმწიფოსთვის.  გასათვალისწინე­ბელია ისიც, რომ სრულმასშტაბიან გლობალიზაციამდე სამეურნეო საქმიანობის წარმატებები დამოკიდებული იყოს ძირითადად წარმოების კლასიკური ფაქტორების კომბინაციების ხარისხზე. დღეს ის განისაზღვრება კაპიტალის რთული კომბინაციის, ინფორმაციული და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით სწრაფი და ხარისხიანი ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნ­ველყოფისათვის როგორც წარმატების, სტაბილურობისა და განვითარების გარანტისა.

ეკონომიკური უსაფრთხოების გამოწვევების აღმოსაფხვრელად და დადებითი შედეგების მისაღწევად  მრავალი პრევენციეული ღონისძიებების გატარებაა აუცი­ლებელი. ამის მთავარი წინაპირობაა ეკონომიკის სიღრმისეული მოდერნიზაცია, რომელიც შეძლებისდაგვარად თავისუფალი უნდა იყოს გლობალური პროცესების ზემოქმედებისაგან.  ამასთან ერთად ის უნდა იყოს მასშტაბური და შეძლოს ჩამორჩენილობის ლიკვიდაცია სხვა კონკურენტებისაგან განსხვავებით, რომლებსაც გააჩნიათ ინოვაციური ტექნოლოგიები.

გლობალიზაციის თანამედროვე პროცესებმა სახელმწიფოების ფუნქციურ ხარისხზეც მოახდინა არსებითი გავლენა. იგი მაკონტროლებელი როლის ხარისხის შემცირების ხარჯზე პარტნიორობაზე უნდა გახდეს ორიენტირებული. სწორედ სახელმწიფო იქცა დღეს პარტნიორად ბიზნესისა და ადამიანებისთვის. ამიტომ აუცილებელია ეკონომიკური გარდაქმნების პროცესების დაჩქარება მოდერნიზაციის გზით, რაც ეკონომიკური უსაფრთხოების მიღწევის გადამწყვეტი ფაქტორიც გახდება მომავალში.

ამ შემთვევაში იკვეთება სახელმწფიოს მთავარი ფუნქციის შესრულების ფაქტორიც, რომელმაც უნდა შეძლოს სწორი სტრატეგიის შემუშავებით  ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სწორი პროგნოზირების სისტემის ჩამოყალიბება ერთ-ერთი მთავარი  ფაქტორია, რომელიც ქვეყნის  სასიცოცხლო  მიზნების რეალიზაციას შეუწყობს ხელს, ეს კი საზოგადოების მოთხოვნილების მაქსიმალურად დაკმაყოფილებასაც ითვალისწინებს.

სახელმწიფოთა ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა გლობალიზაციის პირობებში მრავალი მიმართულებით შეიძლება მოხდეს. ერთ-ერთი არის სწორედ  უსაფრთხოების პროცესის გაძლიერება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს როლის განმტკიცებას მსოფლიო თანამეგობრობაში ეკონომიკური და არაეკო­ნომიკური პოზიციების განმტკიცების კუთხით. ამ პროცესის ეფექტიანობის მიღწევა შესაძლებელია სახელმწიფოთა ძალების გაერთიანებით, მათი ფუნქციების გადანაწილებით. ამასთან ერთად უნდა გაძლიერდეს სახელმწიფოსა და მსხვილი ბიზნესის ინტერესების ბალანსის მიღწევა. ეს კი ეკონომიკური უსაფრთხოების სასურველი დონის  ოპტიმიზაციის მიღწევის ხელშემწყობი ფაქტორი გახდება.

ზემოთ განხილული საკითხების თეორიული ანალიზი გლობალურ პრობლემებთან ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ  ჩამოვაყალიბოთ გარკვეული დასკვნები, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:

გლობალიზაციის პირობებში, რომელიც შეუქცევადი გახდა კაცობრი­ობისათვის, უფრო და უფრო ძლიერდება ეკონომიკური უსაფრთხოების როლი. მის დონეზე ხდება დამოკიდებული ნებისმიერი ტიპის სახელმწიფოების ეკონომიკური და არაეკონომიკური პოზიცია მსოფლიო თანამეგობრობაში.

მსოფლიოში მიმდინარე არაპროგნოზირებადმა პროცესებმა სახელმწიფოები დააყენა გარდუვალი დილემის წინაშე,  ეკონომიკური უსაფრთხოების სრულ­მასშტაბიანი მიღწევა შესაძლებელია რამდენიმე სახელმწიფოს ძალთა გაერთიანებით, რაც გამოიწვევს მათი ფუნქციების გადანაწილებას.

აუცილებელი ხდება სახელმწიფოსა და მსხვილი ბიზნესის ინტერესთა დაბალანსება საზოგადოების სასარგებლოდ, რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ ეკონომიკური უსაფრთხოების პროცესის მიღწევის ოპტიმიზაციისაკენ. 

გამოყენებული ლიტერატურა

1.  ჯოზეფ სტიგლიცი, გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება. თბილისი, 2012 წელი.

2.  Кирилин А. www.trud.ru/artike_ll/24-05/88066_gadanie na vto.ltml.

3.  Иноземцев В.Л. Современное постиндустриальное общество: природа, противоречия, перспективы. М., 2004.

4.  Харламов А.В., Чирук И.С. Изменение концепции экономической политики государства в условиях глобализации. Известия СПБУЭФ, 2005, №2.